კულტურა

არის თუ არა ჟურნალ-გაზეთების ინდუსტრია გადაშენების პირას?

საქართველოშიც და მოსფლიოშიც ნელ-ნელა მცირდება ჟურნალების რაოდენობა. ჟურნალებში დასაქმებულთა რაოდენობა 2008 წლიდან 2017 წლამდე 45 პროცენტით შემცირდა, ხოლო 1990 დან 2016 წლამდე კი – 60 პროცენტით. საინტერესოა, რამ გამოიწვია ჟურნალების ამგვარი უკუგდება. მერწმუნეთ, საქმე მარტივად, მხოლოდ ინტერნეტის გაჩენაში არ არის.

,,როდესაც ჟურნალისტი გავხდი, ქვეყნის პრესა თითქმის მთლიანად სუფთა, ღირსეული და ფხიზელი გონების პატრონი იყო. მას სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზანი ჰქონდა, პოლიტიკური, ლიტერატურული, მეცნიერული, სოციალური, რელოგიური და სხვა. ფულის კეთება მასების დახმარებით სრულიად უჩვეულო რამ იყო მაშინ.’’ – ამბობს ძველი თაომის გამორჩეული ამერიკელი ჟურნალისტი ჰორეს ვაითი, რომელმაც საქმიანობა 1904 წელს დაიწყო.

ამ პერიოდში ჟურნალები ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი წყარო იყო. კარგად რომ წარმოვიდგინოთ მათი მნიშვნელობა, უნდა ვახსენოთ, რომ განამანთლებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ჟურნალ-გაზეთებმა მოახერხა, რომ ადამიანებს შორის მანძილი შეემცირებინა და ხალხი ერთმანეთთან დაეახლოვებინა. მანძილის შემცირებაში ვგულისხმობ, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის ზრდას, ხოლო, როცა კი, სიჩქარე იზრდება, გასავლელი მანძილის დრო იკლებს. ერების ჩამოყალიბების პროცესში ჟურნალ-გაზეთების წვლილი ძალიან დიდია.

მეთცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოშიც ჟურნალ-გაზეთების ბუმია. პირველი ნაბიჯები ამავე საუკუნის დასაწყისშიც გადაიდგა, პირველ ქართულ ჟურნალს ,,სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი” სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით გამოიცა. მან იცოდა, რომ ქვეყნის აზრის ფორმირებისთვის ეს აუცილებელი კრიტერუმი იყო. ხოლო უკვე 60-იან წლებში მაშინ, როდესაც, სწორედ, ერი-სახელმწიფოს ფორმირება იწყება, სხვადასხვა პარტიებისა და დასების წარმომადგენლებს შორის ჟურნალების ფურცლებზე ცხარე კამათი მიმდინარეობს.

სოლომონ დოდაშვილი

ამ დროს მსოფლიოშიც ყოველდღიურად იზრდება ჟურნალების გავრცელების არეალი, თუმცა წერა-კითხვა ჯერ მაინც საყოველთაო ფენომენი არ არის. მეოცე საუკუნის დასაწყისში ორი მსოფლიო ომის გადატანის შემდგომ ერები თვითგამორკვევის ახალ პროცესს გადიან, ჟურნალ-გაზეთების ოქროს ხანადაც, სწორედ, 60 – 70-იან წლებს მიიჩნევენ.

ცივი ომის პირობებში ამერიკასა და საბჭოთა კავშირს იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდათ გამართული, რაც, ცხადია, მთელ მსოფლიოში ჟურნალებით ვრცელდებოდა. თუმცა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ხალხი მუდმივი დაძაბულობისგან გამოიფიტა, მათ აღარ აინტერესებდათ იმგვარი ახალი ამბები, რომლებიც რაიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იდეოლოგიურ ანალიზს სთავაზობდათ, არაფერი აინტერესებდათ ისეთი, რაც მთ ბევრ ფიქრს აიძულებდათ, ამიტომ ჟურნალებზე მოთხოვნა ნელ-ნელა შემცირდა. ამ დროს უკვე ჩნდება ყვითელი პრესის ჩანასახები, რასაც ხალხი ელვის სისწრაფით იტაცებს.

90-იანი წლებიდან პოპულალური ხდება ინტერნეტი. ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ინტერნეტის გაჩენამ პირველივე ეტაპიდან დააზარალა ჟურნალ-გაზეთების ინდუსტრია, თუმცა ეს ასე არ არის. პირიქით, ინტერნეტი მათთვის ღმერთისგან გამოგზავნილი საჩუქარი იყო.

საქმე იმაშია, რომ მათი რეიტინგი ისედაც იკლებდა და ნელ-ნელა იცვლიდა სახეს. ყვითელი პრესა უფრო პოპულალური ხდებოდა . ჟურნალები ერთი-მეორეს მიყოლებით იხურებოდა, აღარ ჰყოფნიდათ სახსრები რომ მასალები შეეკრიბათ, დაეკაბადონებინათ, სტამბაში წაეღოთ, დაებეჭდათ, შემდეგ კი დისტრიბუცია გაეწიათ ნომრებისთვის. ამასთან შედარებით, ცხადია, ინტერნეტში განთავსება ძალიან იაფი ჯდებოდა. ასე მოიქცა უამრავი მათგანიც და ჟურნალებმა ცოტა ხნით ამოისუნთქეს.

თუმცა, ამან დიდხანს არ გასტანა, რადგან ინტერნეტი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ხალხი არა ჟურნალებისგან, არამედ უკვე ირიბად იღებდა ინფორმაციას, ამიტომ მათ ჟურნალების გამოწერა და ზედმეტი ფულის გადახდა აღარ უნდოდათ. მეც, ამ სტატიისთვის დამხმარე მასალა ინტერნეტში ერთ-ერთ საიტზე ამოვიკითხე, სადაც ,,New York Times”-ის სტატია იდო, ასე რომ, ამ ჟურნალის გამოწერის გარეშე, უფასოდ მივიღე იგივე ინფორმაცია.

ჟურნალები ეცადნენ, რომ საფასური მოეხსნათ და მთლიანად რეკლამების ხარჯზე შეენახათ თავი, მაგრამ ამ დროს სხვა მედიაპორტალები გაჩდნენ და ცხადია, ყველას ერჩივნა, რომ რეკლამა, მაგალითისთვის, ,,Facebook’’-ზე განეთავსებინა. 

დღესდღეობით, მსოფლიოში ჟურნალებს დიდწილად სახელწმიფო აფინანსებს, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალი არ არის. ისეთი ჟურნალები, რომლებიც პრესტიჟულებად მიიჩნეოდნენ, ნელ-ნელა შეერწყნენ ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებს. გააკეთეს სატელევიზიო არხები და შექმნეს გვერდები სოციალურ მედიაში.

ინტერნეტის გაჩენამ თვითდასაქმებული ჟურნალისტების არსებობაც გახადა შესაძლებელი. ინტერნეტში მთავარია, რაც შეიძლება მეტი გამომწერი გყავდეს, ეს ნიშნავს, რომ ხალხს აინტერესებ, ანუ შენზე მოთხოვნა არსებობს. ამის შემდეგ შენი დაწერილი პოსტები ისევე სწრაფად გავრცელდება, როგორც ტელევიზორში გაშუქებული ინფორმაცია.

მაშინ, როდესაც სატელევიზიო არხებს ხშირად რომელიმე პარტია ან კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი პირი აფინანსებს, ინტერნეტში არსებული მრავალფეროვნება კარგი გამოსავალია, რომ შენთვის საჭირო ინფორმაცია ობიექტურად მოგეწოდოს. თავად ჟურნალისტიკა, აწმყოსთან კავშირის მყარი ხიდია და მას გადაშენება არ ემუქრება, ხოლო ჟურნალებს შეუძლიათ, რომ ინტეგრირება მოახდინონ თანამედროვე გამოწვევებთან, ოღონდ, კადრების შემცირება მაინც მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი