კინო

ანა ურუშაძე ოსკარის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორი გახდა

ანა ურუშაძემ საუკეთესო ახალი რეჟისორის წოდება მოიპოვა, ლოს ანჯელესში ოსკარის კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე ფილმისთვის “საშიში დედა”. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

ფილმისთვის და რეჟისორისთვის აღნიშნული აღიარება პირველი არ არის. მიმდინარე სეზონზე “საშიში დედა” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

ანა ურუშაძის პირველი ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, მან სახელმწიფო სუბსიდია 2016 წელს მიიღო. ფილმი 2017 წელს დასრულდა და კოპროდიუსერი ქვეყანაა ესტონეთი. ფილმის პროდიუსერები საქართველოდან არიან ლაშა ხალვაში (სტუდია „არტიზმი“), თინათინ ყაჯრიშვილი (სტუდია „ჯემინი“) და ივო ფელტი (Studio Allfilms) ესტონეთიდან.

დრამაში  „საშიში დედა”,  მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

ანა ურუშაძე 1990 წელს დაიბადა. 2013 წელს დაამთავრა თბილისში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი. რეჟისორს სრულმეტრაჟიან დებიუტამდე გადაღებული აქვს ორი მოკლემეტარჟიანი ფილმი.

კომენტარები

კომენტარი