ვიზუალური ხელოვნება

ალექს გრინბერგერი – სალვადორ დალიმ თითქმის შექმნა კონფედერატის ძეგლი ვირჯინიაში

სალვადორ დალი და მისი ოცელოტი “ბაბუ”

მას ერქვა „კონფედერაციის ანგელოზი“ და მის შესაქმნელად თითქმის შეარჩიეს სიურრეალისტი მხატვარი სალვადორ დალი. ქანდაკება უნდა აღმართულიყო ვირჯინიაში, ამერიკის შტატში, რომელსაც კონფედერატების ყველაზე მეტი ქანდაკება აქვს. ეს იქნებოდა ერთ-ერთი ქალთა მცირე რაოდენობის ქანდაკებებს შორის, რომლებიც შეიქმნა კონფედერაციის გმირების უკვდავსაყოფად და იგი დაიდგმებოდა ქალაქ რიჩმონდის ძეგლის ავენიუზე, არც ისე შორს კონფედერატების არმიის ლიდერის – რობერტ ი. ლის სკანდალური მონუმენტისგან, რომლის აღებაც ახლა იგეგმება.   

ქანდაკებას უნდა გამოესახა სალი ლუიზა ტომპკინსი, რომელიც ხელმძღვანელობდა რიჩმონდის საავადმყოფოს სამოქალაქო ომის დროს და რეგულარულად იღებდა კონფედერატ ჯარისკაცებს. წარმატებული მკურნალობის შემთხვევებმა ეს ქალბატონი ვარსკვლავად აქცია და კონფედერაციის პრეზიდენტმა – ჯეფერსონ დეივისმა მას კაპიტნის წოდება მიანიჭა – ეს იყო ერთადერთი ქალი იმ დროს, რომელმაც მიიღო ეს წოდება. მაღალი რანგის ჯარისკაცები თაყვანს სცემდნენ მას, რობერტ ლის ერთმა თანაშემწემ თქვა, რომ ის არის „ანგელოზი დედამიწაზე – ანუ უფრო სწორად, ის ნამდვილი ქალია“.

ტომპკინსი იყო ერთ-ერთი იმ მრავალი კონფედერატისგან, რომელიც არც მხარს უჭერდა და არც სრულიად კიცხავდა მონობას (ასეთივე იყო რობერტ ლი, რომელიც უწოდებდა მონობას „მორალურ და პოლიტიკურ ბოროტებას“, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰყავდა მონები). ტომპკინსის ბიოგრაფიის ავტორი – თომას ვიატი ამბობს, რომ იგი აპოლიტიკური პიროვნება იყო: „დასამალი არაა, რომ ის კონფედერატების მომხრე იყო, თუმცა იგი უპირველესად მედდა იყო“ – წერს ვიატი და ამატებს, რომ თვით ომის დასასრულის მომენტისათვის, როცა ცხადი იყო დამარცხება, ტომპკინსი თავადაც ფლობდა მონებს. ომის დროს იგი მათ ხელფასებს უხდიდა, რათა ისინი არ შეერთებოდნენ არმიას, სადაც მათ გაცილებით ნაკლებს გადაუხდიდნენ კანის ფერის გამო.

1916 წელს გარდაცვლილი ტომპკინსის ქანდაკებაზე მუშაობა თითქოს უჩვეულოა სავლადორ დალისთვის, რომლის სიზმარეული, სიურრეალისტური შემოქმედება იშვიათად მოიცავს რეალური სამყაროს ობიექტებს. როცა მან მასზე მუშაობა დაიწყო 60-იან წლებში, სამოქალაქო უფლებებისათვის ინტენსიური ბრძოლის წლებში, მას უნდა სცოდნოდა ვის ქანდაკებას აკეთებდა, მაგრამ დაზუსტებით ცნობილი არაა, იცოდა თუ არა მან ტომპკინსის ბიოგრაფია ან ანაღვლებდა თუ არა მას ეს საკითხი.

1965 წელს რიჩმონდის ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი გეგმა, თუ როგორ მიეგო პატივი კონფედერაციის როლისათვის სამოქალაქო ომში. ქალაქში ბოლო მსგავსი ტიპის ქანდაკება 1929 წელს აღიმართა და ეს იყო საზღვაო ძალების ოფიცრის – მეთიუ ფონტეინ მორის ძეგლი, რომელიც ამერიკაში მონობის დასრულების მიზნით მონების რაღაც ნაწილის ამაზონში გადაყვანას ცდილობდა უშედეგოდ.

The 1929 statue of Matthew Fontaine Maury, an oceanographer and Confederate naval officer, represents a softer, intellectual approach to the Southern cause. Thirty-seven years later, Richmond proposed honoring a woman on Monument Avenue. - SCOTT ELMQUIST
მეთიუ ფონტეინ მორის ძეგლი

1966 წლის იანვარში ალუმინის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ოჯახის წევრი – როლანდ რეინოლდსი ექსპერტების ჯგუფს სთავაზობს მისი ოჯახის ალუმინის გამოყენებას ტომპკინსის ძეგლის შესაქმნელად. რეინოლდსის ოჯახი ადრეც ეხმარებოდა სალვადორ დალის და სწორედ დალის შესთავაზეს მათ ქანდაკების შექმნა. ადგილობრივ პრესაში დაიწერა: „სალვადორ დალი შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს ეს, თუ მას სურს შექმნას კაპიტან სალი ტომპკინსის ქანდაკება“.

დალიმ კომისიას შესთავაზა თავისი უცნაური კონცეფცია, რომელიც იყო შესაბამისობაში ხელოვანის მიდრეკილებასთან ფროიდისტული იდუმალებისა და რთული გამოსახულებებისადმი, რომელიც ეფუძნებოდა სახელოვნებო-ისტორიულ ტრადიციას. მისი კონცეფცია წარმოადგენს ტომპკინსს, როგორც წმინდა გიორგის, რომელმაც, ქრისტიანული მითოლოგიის თანახმად, იხსნა პრინცესა გველვეშაპისგან, რომელიც ითხოვდა ბეგარას ადამიანის ხორცის სახით. დალის სურდა ალუმინის შეღებვა მყვირალა ვარდისფერში, დალის დიზაინის მიხედვით, ტომპკინსის ფარზე დახატული იქნებოდა კონფედერაციის დროშა და 20 ფუტის სიმაღლის სკულპტურა განთავსდებოდა თავად სალვადორ დალის თითის უზარმაზარ ფიგურაზე.

როდესაც დადგა დრო, რომ სალვადორ დალის წარედგინა თავისი კონცეფცია სხვა ორ, უფრო კონსერვატიულ ვერსიებთან ერთად, რომლებშიც ტომპკინსი უვლის ავადმყოფ კონფედერატ ჯარისკაცს პიეტას (გარდამოხსნის) მოტივებზე, დალის მაგიერ პრესასთან წარსდგა მისი იდუმალი შიკრიკი, სახელად „კაპიტანი“ ჯ. პიტერ მური, ხელოვანის შინაურ ცხოველთან – ოცელოტთან ერთად, რომელსაც ერქვა ბაბუ.

J. Peter Moore, Dali’s assistant, and the artist’s ocelot, Babou, posed for a photographer on Monument Avenue in April 1966 when Moore presented the artist’s concept for the Tompkins statue. - VCU LIBRARIES
პიტერ მური

პიტერ მურს ახლდა ქალი კომპანიონიც. „ეს ტრადიციის მკაფიო გაგრძელებაა – არა უბრალოდ გიჟი, ჰამბურგერის ნუვო რიშის (ახლადგამდიდრებული) იდეა, პატივი მივაგოთ ამერიკას ამ ფორმით – ერთგვარი თავისუფლების ქანდაკება, ხომ იცით“ – თქვა პიტერ მურმა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ავანგარდული ხედვა დაიწუნა, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მასში დაინახა ერთგვარი ნარცისიზმი: „ჩვენ ძეგლს ვუდგამთ სალის თუ დალის?“ – განაცხადა მან. 1966 წლის აპრილში ადგილობრივი პრესა წერდა, რომ დალი მთლად მეგობრულად არ იყო განწყობილი ქანდაკების აღმართვის მოსურნე რიჩმონდელების ჯგუფის მიმართ. მალე რეინოლდსი ტრაგიკულად დაიღუპა და დალის პროექტიც დავიწყებას მიეცა.

დალის პოლიტიკური შეხედულებების გამოცნობა იოლი არასოდეს ყოფილა. მან ერთხელ განაცხადა: „ჰიტლერი აღმაგზნებს“, ის მეგობრობდა უოლის სიმპსონთან, რომელსაც ნაცისტები მოსწონდა, მას აღაფრთოვანებდა ფრანსისკო ფრანკო, ესპანელი ფაშისტი დიქტატორი. ანდრე ბრეტონმა დალი სიურრეალისტების ჯგუფიდანაც კი გარიცხა, მას შემდეგ, რაც ხელოვანმა დახატა „ჰიტლერის ენიგმა” 1939 წელს.

სალვადორ დალი, „ჰიტლერის ენიგმა” (1939)

თუმცა ხელოვნების ზოგიერთი ისტორიკოსი აცხადებდა, რომ დალი უბრალოდ იყენებდა ფაშისტურ განცხადებებს, რათა მისი მემარცხენე კოლეგები შოკში ჩაეგდო. „დალისათვის, [სიურრეალისტური მოღვაწეობა] გარდაუვლად იყო თვითმიზანი და შესაბამისად, რაღაც ფორმით, აცრილი რეალური სამყაროს წინააღმდეგ“ – წერს ბრიტანელი ხელოვნების ისტორიკოსი – დონ ადესი. „ჰიტლერი არ იყო მის თვალში თვისობრივად განსხვავებული უილიამ ტელისგან ან მისი მოახლისგან, რადგან ერთადერთი, რასაც ჰქონდა მნიშვნელობა, იყო მათი, როგორც სიზმრის ობიექტების არსებობა მის გონებაში“ – ამბობს ადესი.

წმინდა ჯეიმსის ეპისკოპალური ეკლესია

სალი ტომპკინსის ქანდაკება აღარ დაუდგამთ, თუმცა მისი გამოსახულების ხსოვნა მაინც შემორჩა ქალაქ რიჩმონდის წმინდა ჯეიმსის ეპისკოპალური ეკლესიის ფერადი შუშის ფრესკის სახით. „ის გამოსახულია, როგორც რიჩმონდელებს ურჩევნიათ ახსოვდეთ იგი, მისი სამედიცინო ჩანთით, მისი ბიბლიით და მისი საავადმყოფოთი“ – წერს ხელოვნების ისტორიკოსი კევინ კონკენონი.

კომენტარები

კომენტარი